вторник, 10 июня 2014 г.

ავტორების სია » ასურელი მამები



მოღვაწეობის საუკუნე : VI საუკუნე
ასურელი წმიდა მამები, ათსამეტი ასული მამა, ცამეტი სირიელი მოღვაწე, სირიელი მამები - ჩვენში მოსულან VI საუკუნეში სირიიდან (შუამდინარეთიდან). მათ სახელთან დაკავშირებულია საქართველოში სამონასტრო ცხოვრებისა და მისი ორგანიზაციის დამყარება-ჩამოყალიბება, ქართლის ეკლესიის გაძლიერება კერპთაყვანისმცემლობასთან ბრძოლაში, ინტენსიური მისიონერული საქმიანობა, მძლავრი კულტურული კერების შექმნა, ორიგინალური ჰიმნოგრაფიული მწერლობის აღმოცენება, ბერმონაზვნური ცხოვრების მადლის განფენა და განდეგილობის დამკვიდრება. ასურელ წმ. მამათა მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დააჩნია ქართული ქრისტიანული კულტურის განვითარებას. ასურეთიდან მათ შემოიტანეს ცოდნა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის შესახებ და სათავე დაუდეს ქართულში ფრესკისა და საეკლესიო ხატწერის დიდ ტრადიციას. მათი სახელის უკვდავსაყოფად დღესაც დგას გარეჯის, მარტყოფის, შიო მღვიმის, ალავერდის, ნეკრესის, წილკნის, სამთავისისა და ზედაზნის წმიდა სალოცავები - ქართული ხუროთმოძღვრების შეუდარებელი ძეგლები.
შუა საუკუნეთა წერილობითი და ზეპირი ტრადიციის თანახმად, სირიიდან მოსულან წმ. იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე. ძველთაგანვე არსებობს ორი სხვადასხვა ნუსხა სირიელი მამებისა. მათში მოხსენიებულ მოღვაწეთა რიცხვი ცამეტს აჭარბებს: წმ. იოანე ზედაზნელი, შიო მღვიმელი, დავით გარეჯელი, აბიბოს ნეკრესელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ანტონ მარტყოფელი, თადეოზ (თათა) სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, ისიდორე სამთავნელი, ზენონ იყალთოელი, მიქაელ ულუმბოელი, სტეფანე ქიზიყელი, ელია დიაკონი, თეოდოსიოს, პიმენ, ნათან. ვარაუდობენ, რომ წმ. დავით გარეჯელის მოწაფეებად ცნობილი ლუკიანე და დოდიც, შესაძლოა, სირიიდან იყვნენ მოსულნი.
სინას მთაზე წმ. ეკატერინეს მონასტრის ახლადაღმოჩენილ ხელნაწერთა ქართულ კოლექციაში გამოვლინდა კრებული, რომელიც ასურელ მამათა შესახებ არსებულ ყველა რედაქციაზე უფრო ძველია (X ს-ის I ნახევარი) და შეიცავს ზოგ ისეთ ცნობას, რომელსაც შეუძლია გარკვეული სიახლე შეიტანოს სადავო საკითხებში (ზ. ალექსიძე).
სინური რედაქციის მიხედვით, ცამეტი ასურელი მამა იოანე ზედაზნელის მეთაურობით საქართველოში ჩამოსულან ქ. ურჰადან (ედესიდან). გარდა ამისა, შეცვლილია მამათა სახელებიც, მაგალითად, ეზდერიოზ სამთავნელი, თევდოსიოს მრეხელი...
ასურელ წმ. მამათა რაოდენობის, ეროვნების, საქართველოში მათი მოსვლის დროისა და მიზნის შესახებ მეცნიერებაში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ერთი შეხედულების მიხედვით, წმ. იოანე ზედაზნელი და მისი მოწაფეები 501 წელს მოვიდნენ საქართველოში. არსებობს მეორე ვარაუდიც, რომლის თანახმად, ისინი VI საუკუნეში სხვადასხვა დროს ჩამოსულან და მხოლოდ შემდეგში გაერთიანებულან.
იყვნენ თუ არა ეროვნებით ქართველები სირიელი მამები? ამ საკითხის ირგვლივაც არაერთგვაროვანი შეხედულება არსებობს. დ. ჩუბინიშვილი, მ. ჯანაშვილი, დ. ბაქრაძე, შ. ნუცუბიძე, კ. კეკელიძე, ლ. მენაბდე, შ. ნუცუბიძე, ვ. გოილაძე ფიქრობენ, რომ სირიიდან მოსული მოღვაწენი ეროვნებით ქართველები უნდა ყოფილიყვნენ. ამავე აზრს იზიარებდა რ. თვარაძეც. ს. კაკაბაძეს შესაძლებლად მიაჩნდა ზოგიერთი მათგანის ქართველობა, ხოლო ივ. ჯავახიშვილი ასურელ წმ. მამათა ქართველობას უსაფუძვლო ჰიპოთეზას უწოდებდა, ეპისკოპოს ა. ჯაფარიძეს, დ. მერკვილაძეს კი ეჭვი ეპარებათ მათს ქართველობაში.
წმ. იოანე ზედაზნელი (ხსენება 7(20) მაისს)  სრულიად გამორჩეულია მისი ღვაწლი საქართველოში საეკლესიო-სამონასტრო ცხოვრების დაფუძნებაში, ქართლის ეკლესიის კერპთაყვანისმცემლობასთან ბრძოლის გაძლიერებაში, განდეგილობის ინსტიტუტის დამკვიდრებასა და, ზოგადად, ქართული ქრისტიანული კულტურის განვითარებაში.
X საუკუნეში კათოლიკოს კლიმენტის (908-923) დროს წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია აშენდა. ღირსი მამის საფლავი ტაძრის სამკვეთლოსთან მდებარეობს.
წმ. დავით გარეჯელი (ხსენება ამაღლების შემდგომ ხუთშაბათს) - წმ. დავით გარეჯელის სახელთან უშუალოდაა დაკავშირებული თბილისის ქაშუეთისა და მთაწმინდის, მამადავითის, ისტორია.
ქრისტიანებმა გადაწყვიტეს დავითის სახელზე სენაკის მახლობლად ეკლესია აეშენებინათ. ასე აშენდა პატარა ეკლესია ''მამადავითი''. მთაწმინდა კი ათონის მთაწმინდის მონასტრის პატივსაცემად შეურქმევიათ მისთვის X ს-ში.
მამადავითის ეკლესია სიონის საკათედრო ტაძრის დაქვემდებარებაში ყოფილა. აქვე ინახებოდა წმ. დავითის ხატიც, რომელიც ამაღლების შემდგომ ხუთშაბათს გადაჰქონდათ სიონიდან მთაწმინდაზე, სადაც მთელი დღე მლოცველთა წინაშე იდგა.
XVI ს-ში დავით და ნიკოლოზ გაბაშვილებს მთაწმინდაზე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია აუშენებიათ. ამ ეკლესიამ 200 წელი იარსება. 1809 წელს იგი დაანგრიეს და ახალი ააშენეს კათალიკოს ანტონ II-ის ლოცვა-კურთხევით. 1810 წელს აიგო ახალი ეკლესია ფერისცვალების სახელზე. 1871 წელს ეგზარქოსმა ევსევიმ აკურთხა მამადავითის სახელზე აგებული ახალი ეკლესია, რომელიც თავდაპირველად უგუმბათო იყო, 1877 წელს კი გუმბათიც დაადგეს. დღეს მთაწმინდის ფერდობზე ერთმანეთის გვერდით დგას მამადავითის დიდი და ფერისცვალების პატარა ეკლესიები.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი თბილისის სამხრეთ აღმოსავლეთით 60 კმ-ზე მდებარეობს, მდინარე მტკვარსა და იორს შორის. სამონასტრო კომპლექსის აყვავება XI-XIII სს-ში იწყება. ამ პერიოდში საქართველოს გაერთიანების გამო გარეჯის ეკლესია სამეფო კარს დაუახლოვდა. მონღოლთა შემოსევამ გარეჯის სამონასტრო ცხოვრება მნიშვნელოვნად შეაფერხა.
წმ. შიო მღვიმელი (ხსენება ყველიერის ხუთშაბათსა და 9(22) მაისს) - ღირსი შიო ანტიოქიიდან იყო. მისმა ღვთისმოსავმა მშობლებმა კარგი განათლება მისცეს ერთადერთ შვილს. ოცი წლის შიო ფარულად წავიდა სახლიდან წმ. იოანეს სანახავად, რომელმაც სიხარულით მიიღო, აკურთხა და ურჩია შინ დაბრუნებულიყო, რათა მშობლებისგან ნებართვა აეღო. გავიდა ხანი, შიოს მშობლები მონასტერში წავიდნენ სამოღვაწეოდ, შიომ კი გაყიდა საცხოვრებელი, გაათავისუფლა ყველა მონა-მსახური და მამა იოანესთან წავიდა, რომელმაც სიხარულით მიიღო და ბერადაც აღკვეცა, მერე წმ. იოანე ზედაზნელს საქართველოში გამოჰყვა.
წმ. შიო მღვიმელს ეკუთვნის ასკეტიკურ-მისტიკური ხასიათის კრებული ''სწავლანი'', რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. ხელნაწერებსა და გადმოცემებს შემოუნახავთ ღვთისმშობლისა და სამებისადმი მიძღვნილი ორი ''ოხითა''. სწორედ წმ. შიოს სახელს უკავშირდება ქართული ორიგინალური ჰიმნოგრაფიის დასაწყისი.
შიოს მარანი - ხატოვან გამოთქმად ქცეული ულევი, უხვი საზრდოს აღმნიშვნელია. ''ღმერთმა ისე აგაშენოთ, როგორც შიოს მარანიო'' - დალოცვის ტექსტებსა და სადღეგრძელოებში დამკვიდრებული გამოთქმაა. თ. სახოკიას აზრით, ''შიოს მარანი - სიმდიდრე ულეველი, დიდი ქონება, უხვება, სავსებაა''. წმ. შიო მღვიმელის სახელთანაა დაკავშირებული სასწაული, რომ მარანში დაკლებული ღვინო თავისით მატულობს და ივსება. ეს სასწაული მომდინარეობს სვიმონ მესვეტის (უფროსის) ცხოვრებიდან.
წმ. მღვდელმოწამე აბიბოსი (ხსენება 7(20) მაისს). ასურელ წმ. მამათაგან აბიბოსი ერთადერთი წამებულია. იგი თბილისში მარზპანთან წარადგინეს. მასთან საუბარში წმ. აბიბოსმა განაქიქა სპარსელთა ცრუ რწმენა: ღმერთი კი არ მოვკალი, ცეცხლს წყალი დავასხი - უპასუხა მარზპანს - ეგ რომ ღმერთი იყოს, წყალი როგორ მოერეოდაო: ''აწ მიკვირს თქვენი ესევითარი სიცოფე, ვითარ არა სირცხვილ გიჩნს მისი სახელის-დებად ღმრათად''. მარზპანის ბრძანებით, ქვებით ჩაქოლეს, წმინდანის გვამი ღია ცის ქვეშ დააგდეს მხეცთა საჯიჯგნად, მაგრამ არ შეხებია არც მხეცი და არც ფრინველი. ნეკრესის წამებული ეპისკოპოსი პატივით დაკრძალეს.
ისე წილკნელი ერთი ასურელი მამათგანი იყო დიაკონი, იოანე ზედაზნელის მოწაფე. იგი მოვიდა ქ. ანტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში. ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში, შემდეგ განაგებდა წილკნის ეპისკოპოსის კათედრას. მან გააქრისტიანა საქართველოს ჩრდილოეთი მთიანეთის მოსახლეობა, სადაც დაანგრია წარმართულ კერპთა ტაძრები და ააშენა ეკლესიები. დასაფლავებულია წილკნის ეკლესიაში.
ასურელი მამების შესახებ ფართო ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა შეიქმნა.


Комментариев нет:

Отправить комментарий